უშიშროების საბჭოს შემადგენლობა იცვლება

უშიშროების საბჭოს შემადგენლობა იცვლება

ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა იცვლება. ფინანსთა მინისტრი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი აღარ იქნება, თუმცა საბჭოს ეყოლება ახალი მუდმივი წევრები პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სახით.

ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებს შესაბამის კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.

პროექტის გათვალისწინებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

ამასთან, პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვა პირები მოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში კი, თუკი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოწვეული იქნება მთავრობის წარმომადგენელი, ამას პრემიერ-მინისტრთან შეთანხმება დასჭირდება, ხოლო პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მოწვევის შემთხვევაში – შეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარესთან.