პარლამენტი უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხს და მასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტის განხილვას დაუბრუნდა.
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც 2013 წლის საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს და განხილვის პროცესი შეაჩერეს - მთელი რიგი საკითხების გარშემო პოზიციების შეუჯერებლობის გამო.
ცვლილებების მომზადების მთავარ მოტივად პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები სახელდება. ამ მიმართულებით კი, პირველი მოსმენით დამტკიცებული პროექტი ჩასწორდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე უკვე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენცია მხოლოდ სამხედრო აღმშენებლობასთან და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებით შემოიფარგლება.
მოქმედი კანონიდან ამოდის ნორმა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის მიზნებს შორის ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ასახელებს.
მეორე მოსმენით კორექტირებული პროექტით ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდეგი უფლებამოსილებები განესაზღვრა: - პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში: განიხილავს საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას; განიხილავს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასა და სამხედრო აღმშენებლობას; განიხილავს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების საკითხებს; განიხილავს ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს; განიხილავს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს კანონის ძალის მქონე დეკრეტების გამოცემის საკითხებს; განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს; განიხილავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების საკითხებს; განიხილავს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხს; განიხილავს საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ქვეყნის საზღვრების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს; განიხილავს ქვეყნის თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს; განიხილავს სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის საკითხებს. ასევე ეროვნული უშიშროების საბჭო სამხედრო ძალების რაოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად.
კომიტეტში წარდგენილი კანონპროექტით, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებად განსაზღვრული იყო ისიც, რომ პრეზიდენტისთვის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტისთვის, საბჭოს წარედგინა წინადადებები, თვითმმართველობების ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის თაობაზე, თუკი მათი მოქმედებით ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას საფრთხე შეექმნებოდა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აღნიშნული ჩანაწერის პროექტიდან ამოღებაზე შეთანხმდნენ.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა წარუდგინა.