საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლისთავისათვის მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელოვან სპორტსმენებს,ოლიმპიელებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებსა და ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც ოლიპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებს დღემდე ჰქონიათ.
"ნამდვილად საამაყოა ის, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა მთელ საბჭოთა სივრცეში, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე დააფუძნა დამოუკიდებელი ოლიმპიური კომიტეტი და გახდა დიდი ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ სრულიად სამართლიანად ვამაყობთ საქართველოს ოლიმპიური გამარჯვებებით, ჩვენი ჩემპიონებით. ჩვენ გვაქვს წარმატებები, რომლებიც ნებისმიერი ჩვენზე დიდი ქვეყნისთვის საამაყო იქნებოდა. ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოს პირველ ოცდაათ ქვეყანას შორისაა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით - კიდევ უფრო წინ ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ოლიმპიელს იმ სიხარულისთვის, რომელიც თქვენ ქართველ ხალხს მოუტანეთ მაშინ, როცა საქართველო ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. სწორედ ამიტომ ყველა თქვენი გამარჯვება ეროვნული დღესასწაულის ტოლფასი იყო. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ოლიმპიელებს, რომლებმაც უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში საქართველოს დროშა ააფრიალეს ოლიმპიურ ქალაქებში და ასახელეს ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებს და აღნიშნა, რომ სახელოვანი ოლიმპიელების გამარჯვებები მათი დაუღალავი და თავგანწირული შრომის შედეგია.
"უდიდესი პატივისცემით მინდა მივესალმო და მადლობა გადავუხადო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ პრეზიდენტს, ყველა დროის სახელოვან მოჭადრაკეს, ჩვენს საამაყო ადამიანს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, რომელსაც უზარმაზარი ამაგი აქვს გაწეული ქართული სპორტის განვითარების საქმეში. ჩვენს ღვაწლმოსილ სპორტსმენებთან ერთად განსაკუთრებით მინდა მივესალმო სპორტსმენთა ახალ თაობას, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ მომავალი შეჯიბრებებისთვის, მომავალი გამარჯვებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფოს დროშა არაერთხელ აფრიალდება და კიდევ ბევრჯერ გაიჟღერებს საქართველოს ჰიმნი. მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს სტუმრებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ თომას ბახს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს ბატონ პატრიკ ჰიკს, აგრეთვე ყველა სტუმარს და მადლობა გადავუხადო ყველას ჩამობრძანებისთვის და საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ ყველას" - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.