"ამას ვერ ვუწოდებთ ნატო-ს ბაზას ან ნატო-ს საწვრთნელ ცენტრს, ეს ქართული ცენტრია"

როგორც ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა, ცენტრი, რომლის გახსნაც იგეგმება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრება იქნება და მას ნატო მხოლოდ დახმარებას გაუწევს.

"საკითხი, რომელიც განიხილება, ეხება პარტნიორების საწვრთნელ ცენტრს. ნატო დახმარებას გაუწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ცენტრის მოწყობაში. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ჩვენ მრჩეველთა ჯგუფით დავეხმარებით. საქართველოს უკვე აქვს მსგავსი ცენტრი, მაგალითად, საჩხერის საწვრთნელი ბაზა, ამიტომ ეს საქართველოსთვის სიახლე არ არის. ჩვენ ვერ ვუწოდებთ მას ნატო-ს ბაზას ან ნატო-ს საწვრთნელ ცენტრს, ასეთი ცენტრები გახსნილია ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებშიც, ისევე, როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოებში. ეს იქნება ქართული ცენტრი, ჩვენ დახმარებას გავუწევთ", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რუსულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიაზე, ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ახლა ყალიბდება.