საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი განცხადება ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ერთგულებაზე პოლიტიკური დეკლარაცია იქნება და იურიდიულად სავალდებულო არ არის. როგორც ზალკალიანი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს, რუსეთს სურს, აქცენტი სწორედ ამ პოლიტიკური დეკლარაციის ტექსტზე გადაიტანოს და საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ვალდებულების აღებით არ უპასუხოს.
ამასთან, ქართველი დიპლომატი ხელოვნურად გაზვიადებულად მიიჩნევს ჟენევის დისკუსიების ბოლო, 29-ე რაუნდის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მოჰყვა. ზალკალიანი აცხადებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის არანაირი რუსული პროექტი არ განიხილება.
"ძალის არგამოყენება, ისევე როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის გარეშეც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები წარმოუდგენელია. ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: საქართველომ ორჯერ აიღო ეს ვალდებულება – ერთხელ 2010 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება (ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას) ძალის არგამოყენებაზე და ეს იურიდიულად სავალდებულო გახდა, შემდეგ კი უკვე ახლადარჩეულმა პარლამენტმა 2013 წელს იგივე ვალდებულება [რეზოლუციით] გაიმეორა და ესეც იურიდიულად სავალდებულო გახდა, ვინაიდან როდესაც ამ ზეპირ განცხადებას საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი შეფასება მოჰყვება, საერთაშორისო სამართალში ეს უკვე ითვლება იურიდიულ ვალდებულებად ძალის არგამოყენების თაობაზე. ახლა მთელი აქცენტი არის გადატანილი რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან უპასუხოს საქართველოს იგივე ნაბიჯით და აიღოს იურიდიული ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, რასაც რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, პარალელურად ჟენევაში მიმდინარეობს მუშაობა თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტზე, თუმცა საქართველო მას არ განიხილავს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად ვალდებულების აღების ალტერნატივად.
"ეს არის ჟენევის თანათავმჯდომარეების და ჟენევის ფორმატში ყველა მონაწილის განცხადება ძალის არგამოყენების პრინციპის ერთგულებაზე. ანუ, ეს პოლიტიკური დეკლარაცია იქნება და იურიდიულად სავალდებულო არ არის. ამაშია განსხვავება. ჟენევაში რაც განიხილება, თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებული დოკუმენტი ძალის არგამოყენების პრინციპზე, ეს არის პოლიტიკური განცხადება და არა იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი. სწორედ ამ განცხადების გარშემო იყო მსჯელობა ჟენევაში და არა ის, როგორც ეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია, თითქოს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ირგვლივ იყო მსჯელობა. ეს რომ ასე არ არის, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჟენევის თანათავმჯდომარეების მიერ შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში. ანუ, ეს არის სასურველის რეალურად წარმოჩენის მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და მეტი არაფერი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხარეს, ისევე როგორც საქართველოს, აქვს თავისი წინადადებები, თანათავმჯდომარეების ტექსტთან მიმართებაში, თუმცა რაიმე ცალკე რუსული პროექტი არ არსებობს.
"ჩვენი მთავარი წინადადება თანათავმჯდომარეების ტექსტთან დაკავშირებით არის ის, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, ერთგულია ძალის არგამოყენების პრინციპის, მაგრამ ეს ტექსტი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება ადეკვატური და ქმედითი, თუკი არ ჩაანაცვლებს რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო ვალდებულებას. ანუ, ჯერ რუსეთის ფედერაციამ უნდა აიღოს ისეთივე ვალდებულება, რაც საქართველოს აქვს თავის თავზე აღებული და შემდეგ შედგეს ეს ტექსტი, რომელიც არის პოლიტიკური დეკლარაცია და მეტი არაფერი – ეს არის ჩვენი პოზიცია. გარკვეულწილად რუსეთის ფედერაციის მცდელობააა, რომ გადაიტანოს აქცენტი პოლიტიკურ დეკლარაციაზე და ამით ერთგვარად უარი თქვას შემდეგ იმ საპასუხო ნაბიჯზე, რომელსაც ჩვენ ველით მისგან. მათ სურთ, რომ მხოლოდდამხოლოდ ამ პოლიტიკური ტექსტით შემოიფარგლონ და ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების აღებას თავი აარიდონ. ჩვენ გვინდა, რუსეთმა როგორც სახელმწიფომ აიღოს ეს ვალდებულება და და არა კარასინმა, როგორც ჟენევის დისკუსიების მონაწილემ. ამიტომ ძალიან შორს ვართ შეთანხმების მიღწევასთან, იმიტომ რომ ჩვენ არ დავთანხმდებით იმას, რომ სანამ რუსეთი არ აიღებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, რაიმე სახის ტექსტზე მოხდეს შეთანხმება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ჟენევის დისკუსიების 29-ე რაუნდს წინ უძღოდა საკმაოდ რთული მოსამზადებელი პერიოდი, გამომდინარე იქიდან, 28-ე რაუნდი ჩაიშალა. დავით ზალკალიანი აცხადებს, "ძალიან რთული იყო თვითონ ფორმატის შენარჩუნება, მაგრამ ეს შევძელით".
"ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან შემდეგი რაუნდი გაიმართოს, გვქონდეს განგრძობადობა და ჟენევის ფორმატი შედგეს და ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ შევინარჩუნოთ ერთადერთი გავლენის მექანიზმი, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ეს მექანიზმი არის საერთაშორისო თანამეგობრობის ყოფნა აღნიშნულ მოლაპარაკებებში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის მიერ ერთობლივი განცხადების მიღების ინიციატივა თანათავმჯდომარეებს (ეუთო, გაერო, ევროკავშირი) ეკუთვნით და განცხადების ტექსტზე მუშაობა უკვე რამდენიმე რაუნდია, მიმდინარეობს. როგორც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ 7-8 ოქტომბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ პრესკომუნიკეშია ნათქვამი, მონაწილეების შეთანხმდენ, რომ ერთობლივ განცხადებაზე მუშაობა გაგრძელდება დისკუსიების მომდევნო რაუნდზე, რომელიც 9-10 დეკემბერისთვის ჩაინიშნა.