საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფები გაიზარდა

საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფები გაიზარდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების განხორციელებაზე ახალი ქვედა ზღვრული ტარიფები დააწესა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, გადაწყვეტილების თანახმად, უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა (ადრე 10 ცენტი იყო). სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრულმა ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა (მანამდე 5 ცენტი ღირდა).

რაც შეეხება იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც საკუთარი უსადენო თუ სადენიანი ქსელი არ გააჩნიათ და ეწევიან საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებას, ასეთი კომპანიებისთვის უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში ტარიფმა 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.

კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო. მათივე ინფორმაციით, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მობილური, ისე ფიქსირებული და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები.