ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაულთან დაკავშირებული სანქციების ზედა ზღვარი იზრდება. მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე რეგულაციებს და პასუხისმგებლობას ამკაცრებს, თან ერთვის "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება როგორც იარაღის უკანონო ქონაზე, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე.
კერძოდ, დღეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, სანქციის ზედა ზღვარი ექვს წლამდე იზრდება. იგივე ქმედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, სადღეისოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. პროექტით სანქცია ოთხიდან შვიდ წლამდე იზრდება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დღეს მოქმედი კოდექსით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. პარლამენტში წარდგენილი პროექტით კი, სანქციის ზედა ზღვარი რვა წელი იქნება, ხოლო თუკი აღნიშნულ ქმედებას სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, პასუხისმგებლობის ზედა ზღვარი რვა წლიანი პატიმრობის ნაცვლად, ექვსიდან ცხრა წელი იქნება.
გარდა ამისა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; ხულიგნური ქვენა გრძნობით; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; ჯგუფურად, სადღეისოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე. სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებებით ამ ქმედებისთვის პასუხისმგებლობის ზედა ზღვარი პატიმრობის ათი წელი იქნება, ხოლო თუკი ქმედებას შედეგად სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დამნაშავეს თავისუფლებას რვიდან თერთმეტ წლამდე აღუკვეთავენ.
საქციის ზედა ზვარი იზრდება ისეთ დანაშაულზე, როგორიცაა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ორი ან მეტი პირის მიმართ; განსაკუთრებული სისასტიკით; ანგარებით ან შეკვეთით; მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; არაერთგზის; ასევე პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა მკვლელობა. ასეთ შეთხვევაში კოდექსით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ცხრიდან თორმეტ წლამდე. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, სანქციის ზედა ზღვარი თორმეტის ნაცვლად, ცამეტი წელი იქნება, ხოლო თუ ამ ქმედებას სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა – მსჯავრდებულს თავისუფლებას ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე აღუკვეთავენ.