”მეგონა ყველაფერი უკან დარჩა, რომ არა ეს ინციდენტი” - თენგო ერისთავის ახალი განცხადება.

”მეგონა ყველაფერი უკან დარჩა, რომ არა ეს ინციდენტი” - თენგო ერისთავის ახალი განცხადება.

სასამართლოს მიერ გირაოთი გათავისუფლებული თენგო ერისთავი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მინდა მოგესალმოთ და მადლიერება გამოვხატო იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც,კარგად ვიცი, მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის.ტელეკამერებთან ლაპარაკი დიდად არ მეხერხება. თავს ვალდებულად ვგრძნობ და მინდოდა გუშინვე შეგხმიანებოდით,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოვახერხე, რისთვისაც ბოდიშს გიხდით! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ვინც გულწრფელად და უანგაროდ მედგა გვერდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, სჯეროდა ჩემი, მამხნევებდა,ძალას მმატებდა. სამწუხაროდ, ათწლეულების მანძილზე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების და განსაკუთრებით, ბოლო 9 წლის რეჟიმის გამო, თითქმის აღარ დარჩა ახალგაზრდა "წარსულის" გარეშე.

ზოგი გარემოების მსხვერპლი გახდა, ბევრიც უდანაშაულოდ აღმოჩნდა საზოგადოებისგან იზოლირებული. ამას თავის სამართლებლად არ მოგახსენებთ,ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემთვის და პატივისცემის ნიშნად, მეც მინდა უბრალოდ გულახდილი ვიყო. ალბათ უფრო ასაკის გამო, გაუგებრობებში მოვყოლივარ, მქონდა შეცდომებიც, რომელზეც პასუხი ვაგე, მაგრამ რომელმაც, სამუდამო კვალი დამაჩინა. დაიკარგა უამრავი დრო, თუნდაც შვილებთან ურთიერთობისთვის. დროს უკან ვერ ვერ დააბრუნებ... თვითონ ორი შვილის მამა ვარ და კარგად ვიცი, რა ძნელია ეს ყველაფერი, რამხელა ტკივილია ოჯახისთვის... მეგონა ყველაფერი უკან დარჩა,რომ არა ეს ინციდენტი. ვფიქრობ, თქვენი თანადგომა ამავდროულად იყო პროტესტი ყოველგვარი ძალადობის,უსამართლობის, უმსგავსობოს წინააღმდეგ, რომელსაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვუთხარით უარი. პენიტენციალურმა სისტემამ საშუალება უნდა მისცეს ადამიანს დაფიქრდეს და აღარ გაუჩნდეს იქ მოხვედრის სურვილი. ინდივიდი პასუხს აგებს საკუთარ დანაშაულზე,მაგრამ არავისა აქვს უფლება, სამუდამოდ დაუმახინჯოს და დაუნგრიოს მას ცხოვრება, გაუჩინოს განუკითხაობის განცდა,გააბოროტოს. ამისათვის სამართლიანობა და თანაგრძნობაა საჭირო და არა ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო, ძალადობა უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. მგონი დადგა დრო, როცა ამაზე საუბრისას, მაპატიეთ და პირუტყვული შიში აღარ გვიპყრობს, როცა ხმამაღლა შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ განვაცხადოთ, რომ უარს ვამბობთ არაცივილური მეთოდებით მოქმედებაზე, ძალადობაზე,რომელიც, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ძალადობასვე შობს და ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე სიარულს გავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პოზიციისათვის! ჩემი სასამართლო 29 ოქტომბერსაა დანიშნული, შევეცდები დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა და თქვენთან ერთად ვიზრუნო სამართლიანობის აღსადგენად. იმედს ვიტოვებ,რომ დღეს ეს შესაძლებელია, სხვაგვარად არაფერსა აქვს აზრი! უღრმესი პატიცისცემით - თენგიზ ერისთავი