იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი მეუღლესთან ერთად, დღეს რუსთავში, "ქართული ფოლადის" სამედიცინო ცენტრის ბაზაზე საქართველოს წითელი ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
იაპონიის ელჩმა ახალი სამედიცინო ცენტრი საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტ ნათია ლოლაძესა და ,,ქართული ფოლადის" დირექტორ ფარუქ სიდიქთან, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
სამედიცინო ცენტრის გახსნას რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, წითელი ჯვრისა და მეტალურგიული ქარხნის წარმოამადგენლები ესწრებოდნენ.
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ რუსთავში ვესწრები წითელი ჯვრის სამედიცინო ცენტრის გახსნას. იაპონია და საქართველო მეგობარი ქვეყნებია, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ საქართველოს თანადგომით. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სამედიცინო ცენტრში ისეთ ადამიანებს დაეხმარებიან, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებს. ვფიქრობ, რომ ამ პროექტით რამდენიმე ასეული ადამიანი ისარგებლებს. ასეთი პროექტები შეიძლება ჩაითვალოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდად", - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა.
ახალი კლინიკა იაპონიის მთავრობის დაფინანსებით "გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის ხელშეწყობით, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა და გარემონტდა. სამედიცინო ცენტრი სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და დევნილებს მოემსახურება. სარემონტო სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. დღეს კლინიკა სრულად არის აღჭურვილი ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს სრულად ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები და მიიღონ კვალიფიციური მედპერსონალის სამედიცინო მომსახურება.