ქალაქი კობანი სულ მალე შესაძლოა

ქალაქი კობანი სულ მალე შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლქვეშ სრულად გადავიდეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი კობანი სულ მალე შესაძლოა სრულად გადავიდეს "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლქვეშ, ამიტომ საჭიროა სახმელეთო ოპერაციებიც.

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს მხოლოდ ავიაშეტევები ვერ შეაჩერებს. საჭიროა თანამშრომლობა სახმელეთო ოპერაციების მხრივ, ასევე სირიაში ზომიერი ოპოზიციის გაწვრთნისა და ეკიპირებისთვის", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სირიის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად უნდა გამოცხადდეს.

სირია-თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კობანის სამი რაიონი "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა გუშინ დაიკავეს და შავი დროშები გამოფინეს. სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ობსერვატორიის მონაცემებით, სამი კვირის განმავლობაში, რაც ქალაქში "ისლამურ სახელმწიფოსა" და ადგილობრივ ქურთებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა. ქალაქი დატოვა 160 ათასამდე მშვიდობიანმა მოსახლემ, მათ შორის ძირითადად ქურთებმა და თურქეთში გადავიდნენ.

თურქეთის რამდენიმე ქალაქში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მიერ კობანის დაკავების გამო. აქციის მონაწილეთა პროტესტს შეტაკებები მოჰყვა სამართალდამცავსა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.