რას უპასუხებთ სკეპტიკოსებს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო წარსულით არის შეპყრობილი

რას უპასუხებთ სკეპტიკოსებს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო წარსულით არის შეპყრობილი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ინტერესდება, რას უპასუხებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ზოგიერთ სკეპტიკოსს ვაშინგტონში, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო უფრო შეპყრობილია წარსულით, ვიდრე - მომავლით.

ასეთი კითხვით რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტს დღეს, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე მიმართა.

"როდესაც დაიგეგმება პრეზიდენტის რანგში თქვენი პირველი ვიზიტი ვაშინგტონში, რაც ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მოხდება, მაინტერესებს, როგორ მიიღებთ ზოგიერთი სკეპტიკოსის მოსაზრებას, რომლებიც კვლავ არიან ვაშინგტონში, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უფრო წარსულით არის შეპყრობილი, ვიდრე - მომავლით?", - მიმართა ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტს, რაზეც გიორგი მარგველაშვილის პასუხი იყო, რომ "ამერიკელი და ევროპელი მეგობრების შეშფოთება  ჩვენი გამოწვევაა".

"ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ ვდგავართ რამდენიმე გამოწვევის წინაშე და ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ ამ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობრები ევროპასა და აშშ-ში, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია, რომელთაც მართლაც ბევრი გააკეთეს ჩვენს ქვეყანას წარმატებისთვის (ვგულისხმობ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, უელსის სამიტს), შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში; შეწუხებული არიან ასევე, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სამართლებრივი დევნის კონკრეტული შემთხვევებით. ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, არის ის, რომ მეც მაღელვებს ეს და ყურადღებით ვუსმენ დასავლელ კოლეგებს. მეორე, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ეს ღია დისკუსიის გზით და გავაუმჯობესოთ ჩვენი დემოკრატიულობის სტანდარტები. თუ გვექნება სასამართლოსთვის, პროკურატურისთვის კარნახის მცდელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ჩვენ ვერ მივალთ დემოკრატიის მაღალ დონემდე. ეს შიგნით უნდა გაკეთდეს და ამ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო დიდი როლი ჰქონდეს. პოლიტიკური ვერდიქტი არჩევნების დღეს სრულდება. პოლიტიკური ვერდიქტი დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულდება, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი მიდის ხელისუფლებიდან, მეორე კი - მოდის. ჩვენ ამას თვალს ვადევნებდით სამი არჩევნების განმავლობაში. ეს არის, როდესაც პოლიტიკური ვენდეტა სრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური დევნას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი თქმით, მეორე სიმართლე ისაა, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა განსაკუთრებულ კრიმინალურ საქმეებზე თავიანთი სამუშაო უნდა შეასრულონ და განიხილონ ეს საქმეები პოლიტიკური პოზიციის გარეშე.

"საბოლოოდ ჩემი მიზანია, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო ამ პროცესის მონიტორინგში. ჩემი მიზანია, ჩავრთო ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ამ დიალოგში. მინდა, რომ ამ დისკუსიაში უფრო მეტი პოლიტიკოსი ჩაერთოს. სხვათა შორის, ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მართლაც უცნაური მოსაზრება მოვისმინე, რომ ეს საქმეები მე გადმომაბაროს, მაგრამ ვპატიობ ამას. ვფიქრობ, ეს ძალიან გამოუცდელი, არაპროფესიონალური მიდგომაა მართლმსაჯულების საკითხებთან მიმართებაში. მჯერა, ქართული საზოგადოება შეძლებს ამ ყველაფერის გავლას და გახდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული საზოგადოება. ეს იქნება მტკივნეული პროცესი, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.