საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ოფიციალური სადილის ფორმატით გაიმართა, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო.
ქვეყნის პირველი პირი დამსწრეთა წინაშე სიტყვით წარსდგა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტენდენციებსა და გამოწვევებზე, ასევე საქართველო-რუსეთ შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და უელსში ნატო-ს სამიტის შედეგებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი დამსწრე საზოგადოებას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა წარუდგინა და მადლობა გადაუხადა მას დიალოგში მონაწილეობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სწორედ ეკონომიკური განვითარების გზით შეიძლება. გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში ბიზნესის კეთებას, პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ღიაა ინვესტორებისთვის და ეს ყველასთვის მომგებიანია, მათ შორის იმის გათვალისწინებითაც, რომ არ არის კორუფცია და ყველას შეუძლია ისარგებლოს გამარტივებული სერვისებით.
სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პირველმა პირმა წინა ხელისუფლების დროს დაწყებული კონკრეტული ეკონომიკური პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტსა და საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქციას დაუთმო.
ქვეყნის პირველი პირი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ ენერგოსექტორში უფრო მეტი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად განამტკიცებს რეგიონის უსაფრთხოებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა. ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილისთვის ის შეკითხვები დაესვათ, რომლებიც მათთვის აქტუალური იყო.
„პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე, იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ქვეყანას აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის შიგნით არსებულ მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაზე, ეკონომიკურ ტენდენციაზე, საქართველოს უპირატესობებზე. პრეზიდენტი შეეხო იმ მნიშვნელოვან რეგიონალურ პროექტებს, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელობის ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო მჭიდრო კომუნიკაციას და საქართველოს მეტ ინტეგრაციას მის მეზობელ ქვეყნებთან. ამავე დროს, საკითხი შეეხებოდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყნისა. ბუნებრივია, საქართველო ღიაა ინვესტორებისთვის და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, მათ შორის ბიზნესმენებთან, ინვესტორებთან პრეზიდენტი ამის შესახებ ყოველთვის საუბრობს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ღონისძიებას აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა, რომელიც, ამავდროულად, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო პრეზიდენტიცაა.
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში 15 წლის წინათ ჩამოყალიბდა და 160-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიასა და ინვესტორს აერთიანებს.