სახელფასო დანამატებს ის პირები მიიღებენ, რომელთა საქმიანობა კაბინეტს გარეთ მუშაობას მოიცავს

სახელფასო დანამატებს ის პირები მიიღებენ, რომელთა საქმიანობა კაბინეტს გარეთ მუშაობას მოიცავს

„სახელფასო დანამატი - ეს გახლავთ თანამდებობის პირისთვის წარმომადგენლობითი და კაბინეტს გარეთ გაწეული სამუშაოსთვის დამატებითი ხარჯების ანაზღაურება", - განუცხადა „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თბილისის მერის ბრძანებასთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც მერიის ორგანოების თანამშრომლებზე სახელფასო დანამატის გაცემას ეხება.

ქუცნაშვილის განმარტებით, სახელფასო დანამატებს მიიღებენ ის მაღალჩინოსნები, რომელთა საქმიანობა მოიცავს მოსახლეობასთან შეხვედრებს და ზოგადად, კაბინეტს გარეთ მუშაობას.

„მოგეხსენებთ, არის თანამდებობები, რომელიც კაბინეტურ მუშაობას მოითხოვს და არის თანამდებობები, რომელიც კაბინეტურ მუშაობასთან ერთად მოითხოვს აქტიურ მოძრაობას, რაც დაკავშირებულია სიარულთან, შეხვედრებთან და ა.შ. დანამატის მიზანიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ვისაც უწევს მოქალაქეებთან შეხვედრა, მათთვის იყო გათვალისწინებული დანამატი", - აღნიშნა ქუცნაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ორგანოების თანამშრომლებზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით,  დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს. დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს. ბრძანების მიხედვით, დანამატს 26 თანამდებობის პირი იღებს.