„საქართველო ღიაა ინვესტორებისთვის“

„საქართველო ღიაა ინვესტორებისთვის“

პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა გიორგი მარგველაშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი ძირითადად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ პროცესებს შეეხო.

„პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე, იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქვეყნის შიგნით არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე, საქართველოს უპირატესობებზე. საუბარი შეეხო ასევე, იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელობის ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, უფრო მჭიდრო კომუნიკაციას საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან. ასევე, პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოზე, როგორც ინვესტორებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მქონე ქვეყანაზე. ბუნებრივია, საქართველო ღიაა ინვესტორებისთვის და პრეზიდენტი მაღალი დონის შეხვედრებზე ამის შესახებ ყოველთვის საუბრობს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

თავის მხრივ, ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრა დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, უნდა გაგრძელდეს მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია.