მარტოხელა მშობლებზე დამატებითი სოციალური შეღავათის დანიშვნის მიზნით ახალი ნორმების შემოტანა ხდება

მარტოხელა მშობლებზე დამატებითი სოციალური შეღავათის დანიშვნის მიზნით ახალი ნორმების შემოტანა ხდება

„მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით, ახალი ნორმების შემოტანა ხდება იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს მათზე დამატებითი სოციალური შეღავათის განხორციელება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით ახალი ნორმების შესაძლო შემოტანის კომენტირებისას განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, არსებული კანონმდებლობა გაურკვევლობას ქმნის "მარტოხელა დედის" ან "მარტოხელა მშობლის" წოდების დეფინიციაში.

"არსებული კანონმდებლობა მცირე გაურკვევლობას ქმნის "მარტოხელა დედის" ან "მარტოხელა მშობლის" წოდების დეფინიციაში იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს მათთვის დამატებითი სოციალური შეღავათის განხორციელება. ამ ცვლილებების მიზანი არის ამ დეფინიციის დაზუსტება, რომ შეძლებისდაგვარად ბიუჯეტის ფარგლებში დამატებითი სოციალური ბენეფიტების გაცემა მოხდეს. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რა რაოდენობრივი პარამეტრები იქნება ამ დახმარებაში, უნდა ვიცოდეთ, რამდენ ადამიანზე ვსაუბრობთ და რა ბიუჯეტია. პროექტის დაგეგმარება არის ბიუჯეტზე დაფუძნებული. სწორედ რაოდენობაა მნიშვნელოვანი და ამიტომ კეთდება ეს ცვლილებები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, რომელიც აღნიშნულ კანონში მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით ახალი ნორმების შემოტანას ითვალისწინებს. პროექტი მომზადებულია "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის" მიერ.

კანონპროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლად მიიჩნევა მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. პროექტის მიხედვით, მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. ხოლო მარტოხელა მამად ითვლება პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების პირობებს. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რაც პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას გამორიცხავს.

პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობელს მიკუთვნებული პირების სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა თაობაზე მონაცემების წარმოების წესი იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.