თენგიზ ერისთავის დაპატიმრებისა და გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება ერთი და იგივე მოსამართლემ – სპარტაკ პავლიაშვილმა მიიღო , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერისთავის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ობიექტური და მასში დიდი როლი საზოგადოების ამ საქმისადმი მაღალმა დაინტერესებამ ითამაშა.
"სწორედ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო თავის დროზე პირველი ინსტანციის სასამართლოს, როდესაც მსჯელობდა ერისთავისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. აღკვეთის ღონისძიება შეცვალა იმ მოსამართლემ, რომელმაც ერისთავს თავის დროზე პატიმრობა შეუფარდა, - ეს არის სპარტაკ პავლიაშვილი.
ჩვენ გვქონდა ახლად გამოვლენილი გარემოება, კერძოდ, შალვა შავგულიძის კომენტარი, ასევე სხვა მტკიცებულებები. საზოგადოების მაღალმა ინტერესმა ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა. ჩვენი პოზიცია, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი ჩაუდეს, მათაც გაიზიარეს. საზოგადოების არც ერთ წევრს აღარ სჯერა, რასაც პროკურატურა აცხადებს, რომ თენგიზ ერისთავს ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისი თქმით, დაუჯერებელია, რომ თითქოს ერისთავს, რომელიც მიდიოდა პრობაციის სამსახურში, თან ჰქონოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
"ერისთავს წარდგენილი არ აქვს გასაღების მუხლი და ის ფაქტი, რასაც პროკურატურა აცხადებს, რომ ამოღებულია 7 აბი და 24 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება, ლოგიკას არ ექვემდებარება, რადგან ბუნებრივია, ერთი ადამიანი ამდენს ვერ ჩაიდებდა. მეორე ფაქტორია ისიც, რომ ერისთავმა იცოდა მასზე კონტროლი რომ ხორციელდებოდა. იგი ლაშა მახარაძის პანაშვიდიდან არაერთხელ გაიყვანეს პოლიციაში, არაერთხელ მოხდა მასზე ზეწოლა, ამის შესახებ განუცხადა შალვა შავგულიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ თენგიზ ერისთავმა მას ეს ფაქტი განუცხადა. შესაბამისად, ამ კონტროლის პირობებში არანაირად არ ჩაიდებდა ერისთავი ნარკოტიკს. სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება მისი გირაოთი გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ადვოკატმა.
თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა 2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება.
გუშინ, თენგიზ ერისთავს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.