მარგველაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ეკონომიკური პროექტის გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა

მარგველაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ეკონომიკური პროექტის გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა

საქართველოს ეკონომიკა მოქნილია ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობას და მმართველ კოალიციას ეკონომიკური განვითარების განსაზღვრული პოლიტიკა აქვთ და მიაჩნიათ, რომ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სწორედ ეკონომიკური განვითარების გზით შეიძლება.

გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ სტანდარტებთან მიღწევა, რასაც ევროკავშირი ითხოვს, საქართველოს შეუძლია.

სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა წინა ხელისუფლების დროს დაწყებული კონკრეტული ეკონომიკური პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტსა და საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქციაზე გააკეთა.

გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ უფრო მეტი ენერგოპროექტის განხორციელება რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად განამტკიცებს.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში ბიზნესის კეთებას, პრეზიდენტის თქმით, ეს რამდენიმე მიზეზის გამოა მომგებიანი, მათ შორის იმის გათვალისწინებითაც, რომ არ არის კორუფცია და არსებობს გამარტივებული სერვისები.

ამ წუთებში პრეზიდენტი, ბიზნესმენებთან ოფიციალური სადილის ფორმატში,  კითხვებს პასუხობს. შეხვედრაში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.