ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოსგან, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში არჩევნების ადმინისტრირების პროცესზე საუბრისას, ბიომეტრული საარჩევნო სიების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.
"ამ თემასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ კონკრეტულ კომენტარს. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ იმ პერიოდში, რაც მე ვიმყოფები საქართველოში, ვიხილე სამი მნიშვნელოვანი წარმატებულად და კარგად ჩატარებული არჩევნები. პროცესი ძალიან მაღალ დონეზე, კარგად ადმინისტრირებულად მიმდინარეობს, რაც ამერიკული სტანდარტებითაც კი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოსგან. შეგვიძლია ვისურვოთ, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს ან იგივე ხარისხით, ან კიდევ უკეთესად", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
აღნიშნული კომენტარი აშშ-ს ელჩმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გააკეთა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელს ხვდება.