პოლიციელებს, რომელთა მიმართაც თენგიზ ერისთავის დაკავების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, უფლებამოსილება შეჩერებული არ აქვთ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
პროკურატურის პრესსამსახურის განმარტებით, უფლებამოსილების შეჩერება მას შემდეგ ხდება, რაც პირს ბრალს წარუდგენენ, აღნიშნულ პოლიციელებს კი, ვის მიმართაც ძიება მიმდინარეობს, ბრალი წარდგენილი არ აქვთ.
პროკურატურის პრესსამსახურში არ დააკონკრეტეს პოლიციელების ვინაობა და აღნიშნეს, რომ დანაყოფს და იმ სამართალდამცველების სახელს და გვარს, რომლების მიმართაც ძიება მიმდინარეობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებენ.
პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.
პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.
აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.
"ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საგამოძიებო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დაკითხულია მოწმეები, ჩატარებულია სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა და ბრალდებული ამ ეტაპზე ვეღარ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულს ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი", - აცხადებენ პროკურატურაში.
თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა 2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება.
დაცვის მხარის განცხადებით, ერისთავს ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო.