თეა წულუკიანმა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი გახსნა

თეა წულუკიანმა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მართლშეგნების ამაღლებას.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მართლშეგნების ამაღლებას, მომსახურების სფეროსა და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესებას. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტრენინგი, ტესტირება და კონსულტირება.

სასწავლო ცენტრის ახალი ოფისი საქმიანობის გაფართოების საშუალებასაც იძლევა. ორგანიზაციებს შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატრენინგო, საკონფერენციო და კომპიუტერულ აუდიტორიებში დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრენინგი, ტესტირება ან სასწავლო ღონისძიება.

იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ცოტა ხნის წინ იუსტიციის სასწავლო ცენტრის რებრენდინგი განხორციელდა, შეიცვალა ლოგო და შეიქმნა ახალი საფირმო სტილი, რაც გულისხმობს ახალ ბრენდპლატფორმას. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ დრომდე მთავარი პროკურატურის შენობაში იყო განთავსებული. დღეიდან კი ცენტრს დამოუკიდებელი ოფისი ექნება.

სასწავლო ცენტრის ახალ ოფისში "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ადმინისტრაციაც განთავსდება.