საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს ურთიერთობას ქრისტიანული ოაზისი უწოდა.
„მინდა მოგესალმოთ საქართველოს ეკლესიის სახელით. ის ისტორიული ურთიერთობა, რაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და სომხეთს შორის, დღესაც გრძელდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრულ და ბრძნულ ურთიერთობას ეკლესიებს შორის. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს კულტურას. სომხეთი და საქართველო არის ქრისტიანული ოაზისი და ამ ოაზისს უნდა გავუფრთხილდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ძმური ურთიერთობა არ დაირღვეს“, - ბრძანა პატრიარქმა.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გალუსტ სახაკიანმა უწმინდესს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ძმის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
ასევე, სახაკიანმა პატრიარქს საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ეკლესიების მფარველობა სთხოვა.
„ჩვენი ქვეყნის უმყარესი საფუძველი არის ქრისტიანული ფესვები და ჩვენ ვრჩებით ამ ყველაფრის მემკვიდრე და გამგრძელებელნი. კულტურული და რელიგიური ურთიერთობები უფრო უნდა გაღრმავდეს და ახალი ბიძგი მიეცეს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ კულტურულ ფასეულობებს, რომელიც არა მხოლოდ სომხეთის საკუთრებაა, არამედ მსოფლიო ფასეულობაა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც არა მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზეა, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ამ მხრივ, მინდა თქვენი ყურადღება მივიზიდო საქართველოს ტერიტორიაზე სომხური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი ყურადღების ქვეშ იყოს სომხური ტაძრები და მათი მოვლა-პატრონობის საქმე“, - განაცხადა გალუსტ სახაკიანმა.