პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ზურაბ ძლიერიშვილისა და ნინო ბაქაქურის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მათ ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღეს. ფარულ კენჭისყრაში 6 დეპუტატი მონაწილეობდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე მათ წარდგენას ექვსივემ მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან მხარდაჭერა დღეს მეორედ მიიღეს. როგორც დღევანდელ სხდომაზე ითქვა, მათი მოხსენება და ბიოგრაფია კომიტეტმა ჯერ კიდევ ივნისში გამართულ სხდომაზე ყურადღებით მოისმინა. ამიტომ მოსამართლეობის კანდიდატებთან შეხვედრა მოკლე ფორმატში წარიმართა და ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმიში გაგრძელდა. კანდიდატების მთავარი სათქმელი კი იყო ის, რომ საკუთარ ცოდნას, გამოცდიდებას და ენერგიას ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას მოახმარენ.
კომიტეტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კომიტეტისგან მიღებული მხარდაჭერა მიულოცა და პლენარულ სხდომაზე წარმატებები უსურვა.
გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ვაკანტურ ადგილზე ნინო ბაქაქური და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები პარლამენტს მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად მათი წარდგენა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ივნისში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებიდან მხარდაჭერა ჰქონდათ მიღებული, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას ორივე კანდიდატურა ჩავარდა.
მოსამართელობის კანდიდატებს ხვალ ადამიანის უფლებათ დაცვის კომიტეტში მოუსმენენ.