ბაკურიანი ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და გამორჩეული კურორტი გახდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში, კინოთეატრ "დიდველში" ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერი მოსახლეობასა და სასტუმროს მეპატრონეებს ხელოვნური გათოვლიანების პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისივე თქმით, ხელოვნური გათოვლიანება ზამთრის სეზონს გაახანგრძლივებს და ეს იქნება გარანტირებული სეზონი ყველა სასტუმროსთვის.
კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას დიდველზე განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ესაუბრა მთის კურორტების განვითარების დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი. მისი ინფორმაციით, გუდაურსა და დიდველზე ამოქმედდება ერთიანი სააბონიმენტო სისტემა, რაც დამსვენებელს საშუალებას მისცემს, რომ ორივე კურორტზე ერთი აბონიმენტით ისარგებლოს. ონოფრიშვილის თქმით, მიმდინარეობს საბაგიროს ტიპის ფუნიკულიორის შეკეთება. ასევე, გაფართოვდა არსებული ავტოსადგომი და შეიქმნა ორი ახალი ავტოსადგომი, ჯამში 350 ადგილზე გათვლილი.
მთის კურორტების განვითარების დირექტორის ინფორმაციით, კომპანია "სილქნეტთან" თანამშრომლობით შეიქმნება კურორტების სატელევიზიო არხი "დეკა", რომლის მეშვეობითაც ონლაინ რეჟიმში შესაძლებელი იქნება დიდველისა და გუდაურის კურორტების თვალყურის დევნება და ამინდის პროგნოზის გაგება. პროექტის პირველი ფაზა 2014 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. ხოლო მეორე ფაზის დასრულება 2015 წლის ნოემბერში იგეგმება.
კინოთეატრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბორჯომისა და ბაკურიანის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობასთან შეხვედრამდე გიორგი კვირიკაშვილი კურორტ დიდველზე იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე სამუშაოებს.