პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, გალუსტ საჰაკიანს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მათ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველოსა და სომხეთის მომავალი იმდენად მჭიდროდაა ერთმანეთზე დამოკიდებული, არ გვაქვს უფლება თუნდაც მცირე შეცდომის დაშვების ერთმანეთთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპული არჩევანის გზას დაადგა, ხოლო სომხეთი თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ევრაზიის კავშირში აპირებს გაწევრიანებას, ამით ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში უარყოფითისკენ არაფერი შეიცვლება. პირიქით, შევთანხმდით, რომ ვიქნებით ერთმანეთის ინტერესების ყველაზე უფრო აქტიური დამცველები ამ გაერთიანებებში. ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ახალ პერსპექტივებზეც. საჭიროა მეტი სატრანსპორტო საშუალებები, მეტი კომუნიკაციური კვანძები, მეტი თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, რათა ორივე ქვეყანაში კერძო სექტორმა მეტ წარმატებას მიაღწიოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარი კულტურული ძეგლების საკითხსაც შეეხო და აღინიშნა, რომ მიუხედავად ზოგიერთი მათგანის წარმომავლობასთან დაკავშირებით არსებული დავისა, მათი რესტავრაცია უნდა მოხდეს.
"ვისაუბრეთ კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე და შევთანხმდით, რომ უნდა გაგრძელდეს ის პროცესი, რასაც საფუძველი ჩაეყარა პრემიერ-მინისტრების დონეზე 2 წლის წინ გამართული შეხვედრის დროს, როცა გადაწყდა, რომ ყველა ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომლის კუთვნილება თუ წარმომავლობა ჯერ კიდევ სადავოა, უნდა გადარჩეს, გაუკეთდეს რესტავრაცია და სადავო საკითხებმა მათი მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. რაც შეეხება თავად იმ საკითხებს, რომლებზეც მხარეებს განსხვავებული პოზიციები გვაქვს, ჩვენ შევჯერდით, რომ ეს კარგია. ეს მიუთითებს ჩვენს მდიდარ ისტორიაზე, მდიდარ კულტურაზე, ხანგრძლივ ისტორიაზე, ორივე ერის სიმდიდრეზე, რომლის ყველა ფურცელი ერთნაირად გარკვეული და ცნობილი არ არის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.