კვირიკაშვილი ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს

კვირიკაშვილი ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს

ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ვიზებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემსუბუქებას არ გამორიცხავს.

როგორც გიორგი კვირკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, გამორიცხული არ არის, რომ "უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდეს.

"ვიზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დიდ წილად გამოწვეულია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხით. ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევარიანი სამოქმედო გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ საბჭოზე დაგვავალა, რომ რაც არის დღეს პრობლემა ადმინისტრირების კუთხით მოგვარდეს. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ კანონმდებლობაშიც გარკვეული ცვლილებები შევიდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენ სწორი ბალანსი დავიცვათ ევროკავშირის მოთხოვნებსა და იმ ლიბერალურ მოთხოვნებს შორის, რომელიც ჩვენ გვჭირდება ტურიზმის განვითარებისათვის. ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პირველ რიგში ავამოქმედოთ ელექტრონული აპლიკაციების და ვიზების გაცემის ფორმა, რომელიც ჩვენს საელჩოებში და საკონსულოებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ფიზიკურ მისვლას არ ითხოვს. ამას გარდა, ბინადრობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ადმინისტრირების კუთხით დღეს არის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ახალ კანონმდებლობასა და რეგულაციას გარკვეული სირთულეები ახლავს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ხარვეზების გამოსასწორებლად.

საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ". კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოს ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს. კანონის მიხედვით, ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

1-ელი სექტემბრიდან საქართველოს ვიზა 50 აშშ დოლარი ეღირება. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელებამდე, სხვადასხვა ტიპის ვიზაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდა, თუმცა ამიერიდან არც ქვეყნების და არც ვიზის ტიპის მიხედვით დიფერენციაცია არ იქნება.

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბერალური სავიზო პოლიტიკის შეცვლის და ე.წ. დაბალანსებულ სავიზო პოლიტიკაზე გადასვლის მიზეზად მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობას ასახელებს.