იენს სტოლტენბერგის განცხადებები ლოგიკური და მისასალმებელია

იენს სტოლტენბერგის განცხადებები ლოგიკური და მისასალმებელია

ნატო-ს ბაზებსა და ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად ალიანსმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

ამ კონტექსტში ალასანია ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის განცხადებას მიესალმება და მას ლოგიკურად მიიჩნევს.

"მე მივესალმები ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის განცხადებას. სხვა რამ რომ ეთქვა, ეს იქნებოდა გასაკვირი. უელსის სამიტზე, როგორც ნატო-ს წევრები, ისე პარტნიორები შევთანხმდით, რომ იმ საფრთხეებს, რაც რეგიონში რუსეთის აგრესიის კუთხით არსებობს, უნდა დავუპირისპიროთ არა მხოლოდ ფინანსური სანქციები, არამედ სამხედრო შემაკავებელი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს წევრებმა უნდა გააძლიერონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიების უფრო დიდი, სამხედრო შენაერთებით დაცვა, ასევე პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარონ თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებაში. რაც შეეხება ნატო-ს ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ბაზებს, ერთობლვ წვრთნებს და ადგილსამყოფელს, ეს იქნება საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ეს არის ნატო-ს გადასაწყვეტი. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკური და მისასალმებელია მისი ეს განცხადება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საკუთარ ჯარებს განათავსებს ყველგან, სადაც კი მოესურვება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში ვიზიტისას, ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრის დროს განაცხადა.

"ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას სწრაფი რეაგირების ძალების თაობაზე. თუმცა, ამის გარეშეც ალიანსს უძლიერესი ჯარი ჰყავს. მისი განთავსება ჩვენ შეგვიძლია ყველგან, სადაც მოგვესურვება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პოლონურ TVP Info-სთან საუბრისას.

The Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი, მან განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის, რადგან ნატო უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

მისივე თქმით, ნორვეგია პატარა, 5-მილიონიანი ქვეყანა იყო და "ცივი ომის" დროს თავს ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობდა, რადგან დარწმუნებული იყო, ნატო დაიცავდა მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიას არასდროს ჰყავდა სამხედროები ან მუდმივი ბაზები.

"მესმის, რას ნიშნავს იყო რუსეთის მოსაზღვრე პატარა ქვეყანა. ძალიან კარგად მესმის, ჩვენი ყველა მოკავშირე ქვეყნის საჭიროება, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აღმოსავლელი მოკავშირეების, ვინც რუსეთს ესაზღვრება. ჩემი ამოცანაა, დავარწმუნოთ ყველა მოკავშირე თავი ისე უსაფრთხოდ იგრძნონ, როგორც ნორვეგია გრძნობდა და დღესაც გრძნობს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე გასულ კვირას ანდერს ფოგ რასმუსენი შეცვალა.