ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ხელისუფლებას რამდენიმე ჟურნალისტის ეთერში ყოფნა არ სიამოვნებს. ექსპერტი სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.
ლაგაზიძემ „პირველ პრესკლუბში“ პრემიერის იმ განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, მედიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის საქმე არ გააშუქა.
„ჟურნალისტების დაყოფა რანგების მიხედვით შეუძლებელია, ასევე ხელისუფლების სიმპათიების და ანტიპათიების დაფიქსირება იმის მიხედვით, რომელი მედია საშუალების წარმომადგენელია. ყველას გვაქვს ჩვენი ფავორიტი მედიასაშუალება, რომელსაც ვეცნობით ყოველდღიურად. ჩემი დღეც იწყება იმით, რომ რამდენიმე სააგენტოს ინფორმაციას ვეცნობი, როცა საერთოდ არ მახსენდება ათობით სხვა სააგენტო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი განწყობები მედიასთან ურთიერთობაში ღიად გამოვხატო, ან აგრესიით განვეწყო მათ მიმართ. ასეთი დაყოფა ჟურნალისტებზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. მით უმეტეს, ხელისუფლების კულუარებში მიდის საუბარი, რომ გაცვეთილი სახეები ტელევიზიებში არ უნდა იყვნენ, ეს აბსოლუტურად მიუღებელი რამ არის“,-განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, „ხელისუფლებას არ აქვს უფლება, წააქეზოს აგრესიული ჯგუფები, დააწყებინოს დევნის პროცესი და რასაც თავისი სახელით ვერ აკეთებს, სხვას გააკეთებინოს ის“.
„ეს აბსოლუტურად გამორიცხული თემაა, რომელიც უპირველესად, ხელისუფლებას მიუბრუნდება“,-განაცხადა ლაგაზიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ, რომლის თანახმად, მედიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის საქმე არ გააშუქა.