ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე თვეში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება იმ ფართომასშტაბიანი პროექტების შესახებ, რომლებშიც მოსწავლეები და სტუდენტები იქნებიან ჩართული.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პროექტები, რომლებზეც საკმაოდ ბევრი იმუშავა, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და, საერთოდ, საზოგადოების განვითარებას" შეეხება.
„მე ვხედავ ჩემს ადგილს და როლს და მინდა, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო",- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს სკოლებში კითხვარები დაურიგდებათ კითხვებით, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, როგორი უნდა იყოს მოქალაქე და ა.შ.
„აზრი იქნება ის, რომ სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ და გამოავლინონ ჩართულობა, პირველ ეტაპზე ცოდნის სახით. ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ სამშობლოზე, ყველას უნდა ჰქონდეს განცდა პასუხისმგებლობის, მიადევნონ თვალი პოლიტიკურ პროცესებს და ა.შ. სკოლაშივე უნდა ისწავლოს საზოგადოებამ, რომ ისინი საზოგადოების წევრები არიან და მათ მოუწევთ, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში",- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
პროექტის ბოლოს გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
მეორე ფართომასშტაბიანი პროექტი სტუდენტებისთვისაა.
„დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში სტუდენტების ჩართულობას უნდა მივაღწიოთ. საკრებულოების დონეზე რეგიონებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უნდა განიხილოს, განახლდეს და მოიძებნოს უკეთესი ვარიანტი, თუ სად და როგორ უნდა დაიხარჯოს კონკრეტული რეგიონის ფინანსები", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.