ყოფილი მაღალჩინოსანი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დისტანციური დაკითხვის მეთოდით - „სკაიპის“ საშუალებით იკითხება. როგორც ჭარბაძემ განაცხადა, იგი ამჟამად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში იმყოფება.
ქვეყნის დატოვების მიზეზად ჭარბაძემ ის პოლიტიკური დევნა დაასახელა, რაც ბაჩო ახალაიასა და მისი ახლობლების მიმართ საქართველოში მიმდინარეობს.
რაც შეეხება 2006 წელს ციხეში განვითარებულ მოვლენებს, რევაზ ჭარბაძის თქმით, ის ამ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას თანაშემწედ მუშაობდა.
ჭარბაძემ დეტალურად გაიხსენა ის ვითარება, რაც ციხეებში ბაჩო ახალაიას სად-ის უფროსად დანიშვნამდე იყო. მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტები პრივილეგიებით სარგებლობენენ და ვერ გაიგებდი, ვინ იყო ციხის თანამშრომელი და ვინ პატიმარი. რაც შეეხება 2006 წლის 13 იანვარს განვითარებულ მოვლენებს, ჭარბაძის თქმით, შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ რუსთავის პირველ დაწესებულებაში პატიმრების მასობრივი გაქცევა იგეგმებოდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ამ პატიმრების გამოცალკავება და სხვა დაწესებულებაში გადაყვანა მომხდარიყო.
„რომ მივედი, დაწესებულების თანამშრომლებს 5-6 პატიმარი ციხის ტერიტორიიდან ადმინისტრაციის კორპუსისკენ გადმოჰყავდათ, რათა შემდეგ მე-7 დაწესებულებაში გადაეყვანათ. შემდეგ თანამშრომლებმა ეს პატიმრები ე.წ. სპეცრაზმს გადააბარეს, რადგან იმ დროს თანამშრომლები გარიგებულები იყვნენ პატიმრებთან და ჩვენ დასაყრდენს სპეცრაზმი წარმოადგენდა“, - განაცხადა ჭარბაძემ.
მისივე თქმით, ამ დროს დაიწყო პატიმრების შემოწმება, ხომ არ ფლობდნენ ისინი რაიმე აკრძალულ ნივთს, რა დროსაც პატიმრებმა ხმაური ატეხეს.
„როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ერთგვარი ნიშანი, რომ არეულობა დაეწყოთ"- განაცხადა ჭარბაძემ.
მისივე თქმით, ამ დროს ბაჩო ახალაიას ბრძანებით, მათ ციხის ტერიტორია დატოვეს და ბაჩოსთან ერთად მე-7 დაწესებულებაში წავიდნენ, რათა იქ დალოდებოდნენ პატიმრების გადმოყვანას. ჭარბაძის თქმით, არც მისგან, არც ბაჩო ახალაიასგან და არც ციხის რომელიმე თანამშრომლის მხრიდან, პატიმრების მისამართით არავითარ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ დაცვის მხარის მოწმის დაკითხვა პროკურორებმა განაგრძეს. ბრალდების მხარე დაინტესდა, იყო თუ არა რეზო ჭარბაძე ბაჩო ახალაიასთან ერთად მსჯავრდებული პატიმრის წამების საქმეზე, რამაც ჭარბაძის გაღიზიანება გამოიწვია. მან პროკურორი სიცრუეში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვას ნავთლუღში მომხდარ სპეცოპერაციას. პროცესს ბრალდებულები ბაჩო ახალაია, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი ესწრებიან. კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარდავა მიმალვაშია.