დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული ცვლილება მოქალაქეების ხარისხიანი და დროული მომსახურებისთვის განხორციელდა.
გადაუდებელი დახმარების მედიკამენტების ჩამონათვალს დაემატა: ამიოდარონის, გლიბენკამიდის, მეტფორმინის, კაპტოპრილის, ნიფედიპინის, მეტოპროლოლის, პრედნიზოლინისა და ფუროსემიდის აბები.
აღნიშნულ პრეპარატებს აფთიაქები ურეცეპტოდ, მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ერთჯერადი დოზის ოდენობით გასცემენ. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ორიგინალური შეფუთვის დაშლა, მედიკამენტი, ერთი, სტანდარტული შეფუთვის რაოდენობით გაიცემა.
დავით სერგეენკომ შეხვედრისას ასევე რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარღვევები მინიმუმამდეა დაყვანილი.
„ჩვენ მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს მიმდინარე პროცესებზე. გვაქვს კარგი თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ ის მღელვარება, რაც რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენის პირველ ეტაპზე იყო, ფაქტობრივად ჩამცხრალია და დარღვევებიც მინიმუმამდეა დასული“, - განაცხადა სერგეენკომ.