„თურქეთში ,,სამუშაოდ

„თურქეთში ,,სამუშაოდ" გაშვებული ცოლების შემოსავლით უსაქმური კაცების რჩენა, ალბათ ეს არის ქართველობა“

სვეტიცხოვლის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში მეტად ყბადაღებულ თემის, „ქართველობის წართმევის“ შესახებ წერს. 

„რას ნიშნავს ქართველობის წართმევა?! ჯერ მითხარით, რა არის ქართველობა და მერე ის მითხარით ვინ გვართმევს?! მაინტერესებს არა ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ საბრძოლო ტაქტიკისთვის. უნდა ვიცოდე, ვის ვებრძოლო და რა პოზიციაში. დაუსრულებელი ქელეხი, გამოთრობა და არაფრის მომცემი გარჩევები-ლობიო უკეთესი იყო თუ ხაჭაპური, ქორწილისთვის თვეობით მზადება-თამადის პატრიოტული ნიჭის დემონსტრირება თუ საჩუქრების მოლოდინი, ვინ უხვად გაიღებს?! ალბათ ეს არის ქართველობა. კიდევ ის, მეზობელი საფლავის ინტერესით უფრო დიდი მონუმენტის ჩამოსხმა და მარმარილოს უთვალავი საფეხურები. ბანკიდან საბედისწერო სესხის აღება და მტრის გულის ,,გასახარად" უახლესი ავტომობილის შეძენა. მულის ან მაზლის ინტერესით უნიჭო შვილის საბოლოო გაუბედურება და სამედიცინოზე მოწყობა. საკუთარი სტომაქით ტრაბახი. უკრაინაში ან რუსეთში ქერათმიან ქალებთან გართობით თავის მოწონება. თურქეთში ,,სამუშაოდ" გაშვებული ცოლების შემოსავლით უსაქმური კაცების რჩენა. ოჯახის ტრადიციული ღალატი. ახლა მე მაქვს შეკითხვა - ვინ გვართმევს ქართველობას?! მეორე შეკითხვაც - რა გვეშველება?! გიპასუხებთ - ა რ ა ფ ე რ ი!..“, - წერს მამა პეტრე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.