გარდაცვლილი დათო გვასალიას დედის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გარდაცვლილი დათო გვასალიას დედის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მეტროპოლიტენში გუშინ გარდაცვლილი დათო გვასალიას დედის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, შვილის თვითმკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის დედამ, ლალი ცინცაძემ თვითმკვლელობა სცადა და კლოფელინის დიდი დოზა დალია. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით დილით, 06:30 საათზე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. 

ექიმების ოპერატიული ჩარევის შედეგად ქალბატონის გადარჩენა მოხერხდა და მას კლინიკიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ. 

რაც შეეხება გუშინდელ ტრაგედიას, 27 წლის დათო გვასალია გუშინ, მეტროს სადგურ "300 არაგველის" ლიანდაგში ჩახტა, მას მატარებელმა გადაუარა და გარდაიცვალა.

გვასალიების ოჯახში ტრაგედია პირველად ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც დათო გვასალიას დამ, 22 წლის ნინო გვასალიამ თავი მოიკლა. ის შარშან, 17 ოქტომბერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და მეგობრები მას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. სამართალდამცველებმა ნინო გვასალია 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.