ქუთაისის საოლქო პროკურატურა მირზა გოჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელისთვის, ლაშა ჯიხვაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, შესაბამისი შუამდგომლობით საოლქო პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სასამართლო პროცესი 24 საათის განმავლობაში გაიმართება. ჯიხვაშვილს ბრალი 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 333-ე (იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით წარედგინა.
3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. პროკურატურამ გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა. მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.