ქართული დელეგაცია ხვალ ჟენევაში გაემზავრება

ქართული დელეგაცია ხვალ ჟენევაში გაემზავრება

ქართული დელეგაცია ხვალ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ჟენევაში გაემზავრება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 29-ე რაუნდი 7-8 ოქტომბერს გაიმართება . შეხვედრების ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კვლავ იქნება ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნება.

გარდა ამისა, ქართული მხარე შეხვედრაზე ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების საკითხს დააყენებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და 6 "გამშვები პუნქტის" ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს.

სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 – ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში, ცენტრალური გამშვენი პუნქტის გარდა, ხუთი დამატებითი (4 საფეხმავლო და 1 საავტომობილო) 2013 წლის მაისში გაიხსნა და გალის რაიონის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ ე.წ. აფხაზური ან ყოფილი საბჭოთა პასპორტებით შეუძლიათ.