ევროკავშირის რვა ქვეყანა ევროკავშირის ხელმძღვანელობას საზღვრის გამკაცრების მოთხოვნით მიმართავს

ევროკავშირის რვა ქვეყანა ევროკავშირის ხელმძღვანელობას საზღვრის გამკაცრების მოთხოვნით მიმართავს

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოლოდროინდელი მუქარების ფონზე, ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით მიმართონ, რათა იმ ევროპელებს, რომლებიც სირიასა და ერაყში ისლამისტების მხარეს იბრძოდნენ, სამშობლოში დაბრუნებაში ხელი შეუშალონ. ამის შესახებ "დეილი ტელეგრაფი" იუწყება.

ასეთი სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდნენ დიდი ბრიტანეთი, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი და ჰოლანდია.

გამოცემის ინფორმაციით, იმ დოკუმენტის თანახმად, რომელიც მედიასაშუალებას ხელთ ჩაუვარდა, ამ ქვეყნების ინიციატივას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც ევროპაში ბრუნდებიან სირიაში, ერაყსა და სხვა ქვეყნების კონფლიქტებში მონაწილეობის შემდეგ", - ნათქვამია კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის სამიათასამდე ევროპელს, რომლებიც კონფლიქტურ ქვეყნებში იბრძოდნენ, ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება გააჩნიათ.