საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის" თავმჯდომარე და გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „რეპორტიორთან" საუბარში „ქართული ოცნების" ორწლიან მოღვაწეობას აფასებს.
„პირველ რიგში, დადებით მომენტებზე ვისაუბრებ, რადგან საბოლოოდ დადებითად ვაფასებ „ქართული ოცნების" მთავრობაში მოსვლას. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ სააკაშვილის მთავრობა აღარ არის ხელისუფლებაში, როგორც იქნა იმ საშინელ რეჟიმს თავი დავაღწიეთ და თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა გვაქვს.
მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის რეფორმამ ძალიან დიდი შვება მიანიჭა ხალხს. ის, რომ ხალხს მკურნალობის საშუალება მიეცა, არის უპრეცედენტო შემთხვევა. სოფლის მეურნეობაშიც საკმაოდ ბევრი საჭირო საქმეა გაკეთებული, გლეხებს ნამდვილად მიენიჭათ გარკვეული შეღავათები.
პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. თუმცა, ასე უცბად არ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება და ამ სისტემას კვლავაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. ამ სფეროში შეინიშნება გარკვეული შეცდომები, რაც საჭიროებს კონტროლს და გამოსწორებას.
არის ბევრი დადებითი მხარე, მაგრამ არ მოვყვები მათ ჩამოთვლას, უმჯობესია, პრობლემურ საკითხზე ვისაუბროთ, რათა შემდგომ დროულად აღმოიფხვრას იგი", - აცხადებს ია მეტრეველი.
ქალბატონი ია მეტრეველი „ქართული ოცნების" მოღვაწეობის სუსტ მხარეებსაც შეეხო.
„ბოლომდე არ არის სამართლიანობა აღდგენილი, გამოძიებული არ არის ბევრი გახმაურებული (მათ შორის ჩვენი ოჯახის) საქმე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან არ მომწონს, როდესაც მაღალ თანამდებობებზე კვლავ რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ბევრგან აღადგინეს კიდეც ძველი კადრები, ვგულისხმობ აქტიურ „ნაციონალებს" და არა რიგით წევრებს. ეს ხალხი აქტიურად იყო ჩართული „ნაცმოძრაობის" მიერ ათასი საშინელების განხორციელების საქმეში. ასეთი კადრები დღემდე არიან პროკურატურაში და სხვა სამინისტროებში. ჩემთვის ეს გაუგებარი და გულდასაწყვეტია. ძირითარი, რაც არ მომწონს, არის ის, რომ დროულად არ მოხერხდა დამნაშავეთა რეჟიმის გასამართლება. ვერ მოხერხდა დამნაშავე „ნაციონალების" გამოვლენა და მათი დასჯა. სამწუხაროდ, ნელი ტემპით მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ეს მოთხოვნა აქვს საზოგადოებას. ხელისუფლებამ პირველ რიგში თავისის ხალხის აზრი და მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს. ყველა დამნაშავემ, რომელმაც 10 წლის განმავლობაში ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი ბოროტმოქმედება ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს.
მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ თავიდან მოგვაშორა (რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერით) კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას". რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ სამუდამოდ ვიქნებოდით სააკაშვილის რეჟიმის ქვეშ და ქართველი ერი 10-20 წელიწადში საერთოდ აღარ იარსებებდა. რაც მთავარია, ამ უბედურებას გადავრჩით, ამჯერად ხალხისგანაც უნდა იყოს მხარდაჭერა და მოთხოვნა, რათა სხვა მნიშვნელოვანი საქმეები განხორციელდეს.
პირველ რიგში, სასამართლო და პროკურატურაა მისახედი. ახალი ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ სასამართლო არის თავისუფალი ისე, როგორც არასოდეს. ვეთანხმები, სასამართლო ხელისუფლებისგან თავისუფალია მაგრამ ნაციონალებისგან - ჯერ კიდევ არა. მის სათავეში კუბლაშვილია და ის დამნაშავე მოსამართლეები, რომლებიც მთელი ათი წლის მანძილზე აუბედურებდნენ ხალხს.
უმნიშვნელოვანეს და პრობლემურ საკითხად რჩება ეკონომიკა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გააღატაკა სააკაშვილის რეჟიმმა. აუცილებელია ეკონომიკის ამუშავება, სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ხალხმა ამოისუნთოს და ქვეყანასაც ეშველოს", - ამბობს საქველმოქმედო ფონდის „ქომაგი" თავმჯდომარე ია მეტრეველი.
ია მეტრეველის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" არის ფაშისტური ორგანიზაცია და მათ პასუხი უნდა აგონ. ეს არის რეჟიმი, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ოჯახი და არაერთი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. არაფრით არ შეიძლება, მათ ამდენი ადამიანის სიცოცხლე ასე მარტივად შერჩეთ.