ქუთაისში, იმ მაღაზიის მეპატრონე რომლის გაქურდვისთვისაც სავარაუდოდ 22 წლის მირზა გოჩუაძის დევნა ხორციელდებოდა, ,,ინტერპრესნიუსთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც მაღაზიის მეპატრონე ნანა არსენიძე აცხადებს, მირზა გოჩუაძის დაჭრამდე რამდენიმე საათით ადრე, სამართალდამცვლებმა მაღაზიასთან არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს.
"დილით რომ მოვედი სალაროდან 22 ლარი იყო წაღებული და კიდევ რამდენიმე კოლოფი სიგარეტი. მაღაზიაში ვიდეოთვალია დაყენებული, რომელიც ყველაფერს აფიქსირებს. არც შესახედავად მინახავს ის ბიჭი და არც მისი სახელი და გვარი ვიცი. თვითონ პატრული მოვიდა და უყურეს ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ მასალას. სამი საათისთვის კიდევ ერთხელ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და თქვეს, რომ იცოდნენ დამნაშავის ვინაობის შესახებ. ერთ-ერთი სამართალდამცველი მაღაზიის გარეთ ტერიტორიაზე იდგა. ამ დროს ჩამოიარა მანქანამ და მას დაედევნენ. არ ვიცი ვინ დაინახეს და რატომ გაეკიდნენ", - აცხადებს მაღაზიის მეპატრონე ნანა არსენიძე.
ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით. პროკურატურამ მირზა გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი დააკავა.