ქალაქის პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა, საგამოძიებო მასალების გაცნობა დროებით შეწყვიტეს. მაია ნიკოლაიშვილმა და ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ქალაქის პროკურატურის შენობა უკვე დატოვეს.
როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, გამოძიების მასალების გასაჯაროების უფლება არ გააჩნიათ. ამასთან, ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა დაადასტურა, რომ მისი ინიციატივა, რომელიც ექსპერიმენტის ჩატარებას გულისხმობს გამოძიების მიმდინარეობისას, პროკურატურამ მიიღო.
"ეს ექსპერიმენტი, მე, როგორც სასამართლო მედიკოსს, მომცემს პასუხს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. ოღონდ მომცემს პასუხს, როგორც სასამართლო მედიკოსს, გამოძიების საქმეა მიიღებს თუ არა აღნიშნულ დასკვნას გამოძიების მასალებში. არ არის გამორიცხული, ამ პასუხმა გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანოს", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გააგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ადვოკატებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად საგამოძიებო მასალების გაცნობას.
დღეს მათ მასალების ნაწილი ქალაქის პროკურატურაში გააცნეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული მასალების კოპირებისა და გავრცელების უფლება მათ არ გააჩნიათ.
ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი მიმდინარე წლის 15 ივლისს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.