ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ამ დრომდე გაცნობილ მასალებში არაფერია ისეთი, რაც მკვლელობის ვერსიას აქარწყლებს , - ამის შესახებ ქალაქის პროკურატურაში მასალების ნაწილის გაცნობის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მასალების მხოლოდ მცირედ ნაწილს გაეცნო.
"არაფერი მინახავს და მომისმენია ისეთი, რაც ჩემს ვერსიას აქარწყლებს სამწუხაროდ", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
მისივე თქმით, საქმე ექვს ტომს მოიცავს და დღეს მხოლოდ დაკითხვის ოქმებსა და რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო.
"შემხვდა დასკვნა, რაც მძიმე იყო ჩემთვის, მომავალში მასალებს ყველა თავისი კვალიფიკაციის მიხედვით გაეცნობა. საბოლოო ჯამში კი, მოსაზრებებს შევაჯამებთ. რის შემდეგაც შემდგომ ნაბიჯებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მასალების გახმაურების უფლება ამ ეტაპზე, სანამ პროკურატურა პირველად დასკვნას არ დადებს, არ გაგვაჩნია, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ.
ამ დრომდე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალებს ეცნობიან კიწმარიშვილის ოჯახის ორი ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი. დამოუკიდებელმა ექსპერტმა პროკურატურას ერთი ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზა.
როგორც მაია ნიკოლაიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს ექსპერიმენტის ჩატარების ინიციატივა, რომელიც ექსპერტის ვარაუდით, უპასუხებს შეკითხვას, საკუთარი ხელით გაისროლა ეროსი კიწმარიშვილმა, თუ გასროლა სხვამ განახორციელა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ზურაბ კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარების ინიციატივა მიიღო და მზაობა გამოთქვა, რომ სავარაუდოდ, ექსპერიმენტი ჩატარდეს მომავალი კვირის ბოლომდე.
"მაია ნიკოლაიშვილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ეს ექსპერიმენტი იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ძალიან ცოტა პროცენტულობა დარჩეს იმისა, რომ ერთი მხრივ, გაირკვეს, იყო თუ არა მკვლელი მანქანაში, მეორე მხრივ კი, გაირკვეს, იყო თუ არა მკვლელობა ჩადენილი. მას მიაჩნია, რომ ეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. მაია ნიკოლაიშვილის გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
ეროსი კიწმარიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი მიმდინარე წლის 15 ივლისს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.