პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში რთველი 2014 შეაჯამა და ადგილობრივებს მისი ინივიატივით დაწესებული „ღვინის ეროვნული დღე“ მიულოცა, რომელიც წელს პირველად აღინიშნება.
პრემიერმა ალავერდში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ვაზისა და ღვინის უძველეს კულტურაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის განაცხადებით, სწორედ ამ გარემოებამ გადააწყვეტინა „ღვინის ეროვნული დღის“ დაწესება.
"დღევანდელი ღონისძიება საფუძველს ახალ ტრადიციას, ახალ თარიღს უყრის. მთავრობის ინიციატივით ჩვენ „ღვინის ეროვნული დღე“ დავაწესეთ, რომელიც დღეს პირველად უნდა აღვნიშნოთ. იმედი მაქვს, ეს დღე მომავალში ტრადიციად დამკვიდრდება და ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად ჩამოყალიბდება. ამ დღის დაწესება ჩვენ ღვინის კულტურის უძველესმა და უნიკალურმა ისტორიამ გადაგვაწყვეტინა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია. ქართველი კაცისთვის ვაზი და ღვინო ქართველობის იდენტობის ტოლფასია. ქართული მეღვინეობის ისტორია, ქართველი ხალხის ისტორიასთან გადაჯაჭვულია. უკვე ათეული წლებია ყველასთვის ცნობილია, რომ კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი. ჩვენს ხალხში ვაზის უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება მართლაც უნიკალურია. ვენახი ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყაროა და სწორედ ამ შეგნებით, საუკუნეების განმავლობაში, ქართველი კაცი უვლის და იცავს ვაზს. ეს რომ არა, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ამ პატარა მიწაზე, ვაზის კულტურის 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის, სახეობის არსებობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვამაყობთ, რომ ქართველებმა საუცხოო ღვინის დაყენების უნიკალური ათასწლოვანი ტრადიცია ცივილიზაციას შემოვუნახეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ქართული ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებული ღვინო ცალკე გამოყო და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ანცვიფრებს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
„რა თქმა უნდა, შემთხვევითი არაა, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს „იუნესკომ“ გასულ წელს არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს რა თქმა უნდა, ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო, უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის, რომელიც მჯერა, რომ ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში. ჩვენ საშუალება გვეძლევა, რომ ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დავუმკვიდროთ ქართულ ღვინოს მთელს მსოფლიოში. მე პირადად მჯერა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გაუწევს კონკურენციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.