ახალი ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალავერდში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ღვინის მუზეუმი უნიკალური ცენტრი უნდა იყოს, სადაც ქართული ღვინის ისტორია იქნება თავმოყრილი. პრემიერის ინფორმაციით, მუზეუმის შექმნაზე მუშაობა უკვე აქტიურადაა დაწყებული.
„ეს ჩვენი მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივაა. გადავწყვიტეთ, რომ ღვინის მუზეუმი ავაშენოთ, რომელიც უნდა იყოს უნიკალური ცენტრი, სადაც ქართული ღვინის მთელი ისტორია იქნება თავმოყრილი. მუზეუმის შექმნა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. თვითონ მინისტრია ჩართული, მან უკვე დაათვალიერა მსოფლიოში წარმატებული რამდენიმე მუზეუმი და ჩვენ გვინდა ყველაზე საუკეთესო საქართველოში გავაკეთოთ. ვინაიდან საქართველო ცნობილია როგორც ვაზის აკვანი და ამიტომ ჩვენ ქართველებს სწორედ ასეთი მუზეუმის გაკეთება გვეკადრება. ჩვენ უკვე შევქმენით მუზეუმის განვითარების ფონდი, ასევე შექმნილია საბჭო, რომელიც გააკონტროლებს სამუშაოებს. არაერთი შეხვედრა გაიმართა უკვე არქიტექტორებთან და სპეციალისტებთანაც“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.