„უცხოელთა შესახებ ახალ კანონში, მთავარი პრინციპების შეცვლა ვერ მოხდება“

„უცხოელთა შესახებ ახალ კანონში, მთავარი პრინციპების შეცვლა ვერ მოხდება“

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კანონში ცვლილებები შესაძლოა, იმ ნაწილში განხორციელდეს, რომელიც მძღოლებს ეხება, რათა მათ საზღვარზე დიდი ხნით ლოდინი არ მოუწიოთ.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ კანონი, რომელიც ძალაში 1 სექტემბერს შევიდა, ქვაკუთხედია, რომელმაც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში სწრაფი ნაბიჯით წასვლის შესაძლებლობა მისცა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „უცხოელთა შესახებ“ ახალ კანონზე შესაბამისმა უწყებებმა გუშინ, პრემიერთან გამართულ თათბირზე იმსჯელეს.

„ეს კანონი ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რომელმაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოგვეწერა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში სწრაფი ნაბიჯით წავსულიყავით. ამიტომ ამ კანონის მთავარი პრინციპების შეცვლა ვერ მოხდება, რადგან ჩვენი ეროვნული და სახელმწიუფოებრივი ინტერესია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი, ასეთივე სწრაფი ტემპით გაგრძელდეს. თუმცა პრემიერთან ყოველი ინდივიდუალური შემთხვევა განვიხილეთ, რომელიც შეიძლება, რომელიმე უცხოელი პირისთვის დისკომფორტს ან საბუთების მიღების შეუძლებლობას ქმნის. ყველა ამ შემთხვევას ჩვენ ერთი კვირის ვადაში გამოსავალს გამოვუძებნით და არ არის გამორიცხული, რომ კანონში ერთადერთი შესწორება შევიდეს, რაც შეეხებათ მძღოლებს, რომლებსაც სამწუხაროდ საზღვარზე უფრო მეტი ლოდინი უწევთ, ვიდრე უნდა უწევდეთ. შეიძლება მათ გარკვეული შეღავათი გავუწიოთ. სხვა მხრივ კი კანონის მთავარი პრინციპების შეცვლა არ იგეგემება. ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დახურვას ჩვენ ძალიან მალე ვიზეიმებთ, რადგან ბრიუსელში საქართველოს წარმატება ოქტომბრის ბოლო კვირაში ან ნოემბერში იგეგმება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამას, ვერანაირი ცვლილებებით ვერ დავაზიანებთ“ - განაცხადა წულუკიანმა.