ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურაში გამოძიების მასალებს ეცნობა

ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურაში გამოძიების მასალებს ეცნობა

ქალაქის პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი იმყოფებიან. როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, დღეიდან იწყება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების გაცნობა ოჯახის წევრების და ახლობლებისთვის. 

ზურაბ კიწმარიშვილის ვარაუდით, ამ მასალების გაცნობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

ამასთან, როგორც ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა გამოძიების პირველადი ვერსიის გამოქვეყნებას დაახლოებით ერთ კვირაში გეგმავს. როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, იგი უფრო არგუმენტირებულად შეხვდება მასალების გაცნობის შემდეგ გამოძიების ვერსიის გამოქვეყნებას. 

ზურაბ კიწმარიშვილმა რამდენიმე დღის წინ პროკურატურას მიმართა, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაზარალებულ მხარედ ეცნო. თუმცა პროკურატურაში, მას განუმარტეს, რომ ვინაიდან საქმეში მესამე პირი არ არსებობს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ კიწმარიშვილის ოჯახს უფლება მისცა, რომ გამოძიების მასალებს გაეცნოს. ქალაქის პროკურატურაში მასალების გაცნობა კიწმარიშვილის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა დღეს დაიწყეს.