„ზედმიწევნით უნდა დადგინეს, იყო თუ არა ამგვარი ძალის გამოყენება აუცილებელი“

„ზედმიწევნით უნდა დადგინეს, იყო თუ არა ამგვარი ძალის გამოყენება აუცილებელი“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და პროფესიონალური გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

წულუკიანი საქმის გამოძიებაში პროკურატურის დროულ ჩართვას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ პროკურატურას შეუძლია დაადგინოს, გადაამეტა თუ არა კონკრეტულმა პოლიციელმა ძალაუფლებას.

"სამწუხარო ფაქტია, როდესაც პოლიციის მიერ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში მოქალაქე იღუპება. ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ახლა მთავარია, პროკურატურამ ეს საქმე ყურადღებით შეისწავლოს და ამ საკითხს მაქსიმალური პროფესიონალიზმი მოახმაროს, რადგან ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც პოლიციელის გავარდნილი ტყვიით მოქალაქე იღუპება, იქ ზედმიწევნით უნდა დადგინეს, იყო თუ არა ამგვარი ძალის გამოყენება აუცილებელი, იმ კონკრეტული ინდივიდუალური პიროვნების მიმართ. ამის დადგენა მხოლოდ პროკურატურას შეუძლია და იმედი მაქვს, ეს დასკვნა მალე დაიდება, რათა გაირკვეს, რეალურად რა მოხდა, გაირკვეს პოლიციელმა რეალურად გადაამეტა ძალას თუ არა. დანაშუალი დროულად უნდა იყოს გამოძიებული და მივესალმები, რომ პროკურატურა ამ საქმეში უკვე ჩაერთო“ - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში დევნის ოპერაციის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველმა მირზა ბ.-ს ავტომანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მანქანის მათზე დაჯახება სცადა.