საფერავისთვის დამზადებული ბოკალის პრეზენტაცია გაიმართა

საფერავისთვის დამზადებული ბოკალის პრეზენტაცია გაიმართა

4 ოქტომბერი ქართული ღვინის დღეა. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს სპეციალურად საფერავისთვის დამზადებული ბოკალის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება სომელიეთა ასოციაციისა და მსოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

როგორც პრეზენტაციაზე სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა განაცხადა, საფერავის დასაგემოვნებლად ბოკალი ექსკლუზიურად ავსტრიულმა კომპანია "რიდელმა" შექმნა.

მისივე თქმით, ამ მიზნით "რიდელის" კომპანიასთან სომელიეთა ასოციაციამ კონტრაქტი გააფორმა. 2014 წლის ივნისში ავსტრიული კომპანიის მეათე თაობის წარმომადგენელი გეორგ რიდელი თბილისში ჩამოვიდა. საქართველოში ჩატარებული დეგუსტაციების მიხედვით, რიდელმა მათ ჭიქის რამდენიმე ვერსია შესთავაზა და საბოლოოდ ქართული ღვინის სპეციალისტებთან ერთად საფერავის ექსკლუზიური ბოკალი დამტკიცდა.

შალვა ხეცურიანის თქმით, ღვინის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია "რიდელი" მსოფლიოში წამყვანი ბრენდია, მას სამასწლიანი ისტორია აქვს და ამ ბოკალის შექმნით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს ოცამდე წამყვანი ჯიშის ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, "ღვინის ბოკალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია "რიდელის" პროდუქცია მსოფლიო საუკეთესო რესტორნებში ნომერ პირველ ბრენდად ითვლება.

"მალე მსოფლიო გაიგებს, როგორი იქნება ქართული "საფერავის" ბოკალი. სასმელისათვის ექსკლუზიურ ჭიქას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მისი გემოვნური თვისებების უკეთესი აღქმისათვის", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.

პრეზენტაციაზე შეკრებილებს დღევანდელი დღე დავით ნარმანიამაც მიულოცა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო "საფერავის" ბოკალის ორი ექსკლუზიური ნიმუში და ამ ნიმუშებიდან საფერავის დაგემოვნების შესაძლებლობა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას ჰქონდა.

ღონისძიებაზე ავსტრიული საგვარეულო კომპანია "რიდელის" შესახებ ვიდეოკლიპი აჩვენეს.

ამასთან, "საფერავის" ბოკალის დაბადების ისტორია მნიშვნელოვან ეპიზოდად შევა საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივ პროექტში, ფილმს ქართულ ღვინოზე რეჟისორი ნანა ჯორჯაძე იღებს. ნანა ჯორჯაძე გადამღებ ჯგუფთან ერთად პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.