ქუთაისში გუშინ მოკლული მირზა გოჩუაძის ოჯახის წევრები მედიასთან ურთიერთობას ერიდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება , მირზა გოჩუაძის ახლობლები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი დადებითი პიროვნება იყო.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილი უკონფლიქტო და დადებითი პიროვნება იყო და მას სამართალდამცველებთან დაპირისპირება არასოდეს ჰქონია.
,,უკონფლიქტო და კარგი ადამიანი იყო. კარგი ხასიათი ჰქონდა. მისი ჩხუბი მეზობლებს არასოდეს გვინახავს. ნამდვილად დასანანია, რომ ამ ასაკში გამოასალმეს სიცოცხლეს", - აღნიშნა გარდაცვლილის მეზობელმა ბელა ჟორჟოლიანმა.
მოკლული მირზა გოჩუაძე სახლში გადაასვენეს.
ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციელის მხრიდან გასროლის შედეგად 22 წლის მირზა გოჩუაძე დაიღუპა.
გოჩუაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მას პოლიციელები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათივე ინფორმაციით, გოჩუაძე ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა, პოლიციელმა მას მანქანის გაჩერება სთხოვა, თუმცა არ დაემორჩილა და გასროლაც სავარაუდოდ ამის შემდეგ მოხდა.
"ალბათ ყაჩაღი ეგონათ და ამიტომ ესროლეს. უბანში ყაჩაღობა მოხდა და პოლიციელები ქურდს ეძებდნენ", - ამბობს გოჩუაძის ერთ-ერთი ახლობელი.
რაც შეეხება შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციას, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. "ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციელი დაკავებულია.