ჩვენ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გუშინ გამოთქმულ ახალ ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი და მზაობა, რომ მოხდეს შერიგების პროცესი აფხაზ და ოს ძმებთან.
"გუშინ საუბარი იყო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გამოთქმულ ახალ ინიციატივაზე. ამაზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება მოსვლის დღიდან ვაჩვენებდით და ვაჩვენებთ ჩვენს კეთილ სურვილსა და მზაობას, რომ გვსურს რეალურად შერიგების პროცესის დაწყება ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან. ის, რაც მოხდა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, არის ტრაგედია ჩვენთვის და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არ არის გონივრული გადაწყვეტილება, ეს აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, რომ იყოს მაქსიმალურად გახსნილი, რათა შერიგების პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს და აღდგეს ნდობა აფხაზებსა და ქართველებსა და ქართველებსა და ოსებს შორის.
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, ჩვენი ძმებისთვის. შემთხვევითი არ არის ის, რომ სწორედ ამ გამყოფი ხაზის ირგვლივ ჩვენ ვაშენებთ მულტიფუნქციურ საავადმყოფოს და ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს შეეძლებათ იმკურნალონ ამ საავადმყოფოში, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება. ასევე იქ ვაშენებთ მრავალპროფილურ სავაჭრო კომპლექსს, რათა გავუადვილოთ მიმოსვლა და აღდგეს ხალხთა შორის ურთიერთობა და ნდობა. ეს არის ჩემი პოზიცია, ჩვენ ვპასუხობთ მათ კიდევ უფრო მეტი სიყვარულით და სითბოთი და ეს დაეხმარება ამ პროცესების შეჩერებას, ხოლო გუშინ გამოთქმული ინიციატივა აუარესებს ამ პროცესებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზრუდვას და 6 "გამშვები პუნქტის" ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ, მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა ფუნქციონირებდეს, სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვალისწინებით, ყველა დანარჩენი პუნქტი უნდა დაიკეტოს", - განაცხადა ხაჯიმბამ.
ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 – ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს. გალის რაიონში, ცენტრალური გამშვები პუნქტის გარდა, ხუთი დამატებითი გამშვები პუნქტი (4 საფეხმავლო და 1 საავტომობილო) 2013 წლის მაისში გაიხსნა. გალის რაიონის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ ე.წ. აფხაზური ან ყოფილი საბჭოთა პასპორტებით შეუძლიათ.