არჩილ ხაბაძე - ბათუმის მეჩეთის საკითხი 20 ოქტომბრამდე გადაწყდება

არჩილ ხაბაძე - ბათუმის მეჩეთის საკითხი 20 ოქტომბრამდე გადაწყდება

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის, თუ არსებული სამლოცველოს გაფართოების საკითხი 20 ოქტომბრამდე გადაწყდება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მეჩეთში, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის მილოცვის შემდეგ განაცხადა. 

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განმარტა, მუსლიმური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა იგეგმება, სადაც საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. არჩილ ხაბაძის თქმით, მთავრობა ითვალისწინებს მუსლიმების მოთხოვნებს.

"ამ ეტაპზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ ვარიანტებზე, 20 ოქტომბრამდე ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად პრემიერთან გვექნება შეხვედრა. რა მოთხოვნებიც აქვს მუსლიმებს, ჩვენი მთავრობა ითვალისწიმებს, ერთად ვმსჯელობთ, საზოგადოების წინაშე გამოგვაქვს და ეს არის ღია და გამჭვირვალე პროცესი. ამ ქვეყანაში მუსლიმების და ყველა რელიგიის უფლებები იქნება დაცული", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ყველა მუსლიმს ვულოცავ ყურბან-ბაირამის წმინდა დღესასწაულს. თითოეული მუსლიმი დღეს განსაკუთრებით ბედნიერია, რადგან ღმერთთან დაახლოებას ცდილობს. მსხვერპლის შეწირვით ისინი ეხმარებიან ყველა გაჭირვებულს, ვისაც ეს სჭირდება. დღევანდელი დღე სიკეთის სიხარულის, ბედნიერების მომტანია", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ბათუმის მეჩეთში შეკრებილმა მორწმუნეებმა სადღესასწაულო ლოცვის შესრულება 07:30 საათზე დაიწყეს. მეჩეთში უადგილობის გამო, მორწმუნეებმა სამლოცველოს ეზოსა და მიმდებარე ქუჩაზე ხალიჩები გაშალეს და ბაირამის ლოცვა ღია ცის ქვეშ აღავლინეს.
ყურბან-ბაირამის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.