საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. პრემიერ-მინისტრი თბილისში, აბანოთუბანში მდებარე მეჩეთში
იმყოფებოდა, სადაც მუსლიმების ლოცვას დაესწრო.
"მინდა მივულოცო ყველა მუსლიმანს და თანამოქალაქეს, დღეს არის მნიშვნელოვანი დღესასწაული. ეს არის დაკავშირებული გამარჯვებასთან, იმედთან, კეთილდღეობასთან და მშვიდობასთან. ჩვენთვის მთავარია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, როგორ შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ და თანავცხოვრობთ ჩვენ, ქართველი მუსლიმები, ქართველი ქრისტიანები. საქართველო არის უნიკალური ადგილი, ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ტოლერანტობით, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურული ურთიერთობებითა და თანაცხოვრებით. ეს არის უნიკალური", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ის პროვოკაციები, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ურთიერთობებზე.
"ეს პროვოკაციები ხელოვნურად დადგმული იყო. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ასეთ პროვოკაციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას სხვებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს შორის რაიმე სახით შუღლი და კონფლიქტი იყოს, მითუმეტეს, რელიგიურ ნიადაგზე, ეს არის გამორიცხული. ჩვენ სახელმწიფო ვდგევართ ყველა რელიგიური აღმსარებლობის გვერდით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ.