ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციით აშკარად ჩანს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგად იმუშავა, - აღნიშნული განცხადება "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი შეფასებით, ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ.
"გაჟღერებული მესიჯები, რაც მოვისმინეთ, აშკარგად იმის იდენტური იყო, რაზეც "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ის, რაც მიხეილ სააკაშვილთან, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გაჟღერდა. მოსახლეობა დღეს სამართლიანობის აღდგენას გვთხოვს. ეს პროცესები დაწყებულია. რა უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, როცა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, თითქოს ახალაია უნდა გათავისუფლდეს. მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი და საინტერესო განცხადება გააკეთა პროკურატურამ. ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, ვის რა თანამდებობა აქვს, კანონის წინაშე ყველა თანაბარუფლებიანია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მან პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა, თუ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეებზე რაიმე კითხვები გააჩნიათ, ჩამობძანდნენ და გამოძიებისა და სასამართლოს მიმდინარეობას თვალი პირადად მიადევნონ.